განსხვავებული ოპერაციები და მიკროქირურგიული მეთოდების გამოყენება უროლოგიაში

უკანასკნელ წლებში მსოფლიოს წამყვან კლინიკებში ფართო გამოყენება მოიპოვა მიკროქირურგიული ტექნიკის გამოყენებამ. ამან გახადა შესაძლებელი ისეთი უნატიფესი პლასტიკური ოპერაციების წარმოება, როგორიც არის თითების, კიდურების და სხვა მოკვეთილი ორგანოების რეპლანტაცია, მიკროცირკულაციის აღდგენა, თესლსადინარი გზების გამტარიანობის აღდგენა, საგრძნობლად გააუმჯობესა კლინიკური შედეგები ბავშვთა პლასტიკურ ქირურგიაში.

მიკროქირურგიული ოპერაციები მოითხოვენ სპეციალური ინსტრუმენტების, საკერავი მასალების გამოყენებას და სპეციფიკურ მიკროქირურგიულ უნარ-ჩვევებს. ერთ-ერთი ხშირი დაავადება უროლოგიაში ვარიკოცელეა (სათესლე ბაგირაკის ვენების გაგანიერება). იგი შეიძლება გამოწვეული იყოს სათესლე ვენების სარქველების უკმარისობით ან შეგუბებით თირკმლის ვენაში, მაგალითად გარედან სიმსივნის ზეწოლის გამო. ვენური სისხლის შეგუბების გამო სათესლე ჯირკვალში მატულობს ადგილობრივი ტემპერატურა, ტოქსიური ნივთიერებების კონცენტრაცია, ირღვევა მისი კვება, რაც მთლიანობაში მამაკაცების 40-45%-ში იწვევს უნაყოფობას. ეს გარემოება განსაკუთრებით საგანგაშოა საქართველოსთვის, მისი კატასტროფიული დემოგრაფიული მდგომარეობის გამო.

ვარიკოცელე ინკურნება მხოლოდ ქირურგიულად. ამისთვის მოწოდებულია 80-ზე მეტი მეთოდი, რომლებიც დაყოფილია ორ ძირითად ჯგუფად: ლიგატურული (გადაკვანძვის) და რეკონსტრუქციული. ლიგატურული (გადაკვანძის) მეთოდები ნაკლებად ფიზიოლოგიურია და ნაკლებად შედეგიანიც (მაქსიმუმ 60-70%). რეკონსტრუქციული მიდგომა უფრო ფიზიოლოგიურია, მაგრამ ამ ჯგუფის არსებული მეთოდებიც განსხვავდება. ჩვენს მიერ გამოგონების დონეზე დამუშავებულია ოპერაციის რეკონსტრუქციული მეთოდი, რომელიც ტარდება შემდეგნაირად: საზარდულის განაკვეთით გამოიყოფა სათესლე ბაგირაკი, მისი შემადგენლობიდან სათესლე ვენა, განაკვეთის კუთხეში გამოიყოფა ქვედა ეპიგასტრალური ვენა. პირველი ვენის დისტალური ბოლო უერთდება მეორე ვენის პროქსიმალურ ბოლოს, ხოლო ამავე ვენების დარჩენილი ღია ბოლოებიც, ასევე ერთდება ბოლო-ბოლოსთან. ოპერაციის შედეგად სისხლი სათესლე ვენიდან დაუბრკოლებლად გადაინაცვლებს გარეთა თეძოს ვენისაკენ, სადაც მიმდინარეობს ინტენსიური ცირკულაცია, რის შედეგადაც მიერთებული სათესლე ვენიდან ხდება სისხლის აქტიური გამოწოვა, თუნდაც მათში დარჩენილი არასრულყოფილი სარქველების პირობებშიც კი.

იმ შემთხვევებში, როცა ვარიკოცელე გამოწვეულია შეგუბებით თირკმლის ვენაში, ზემოთ ხსენებული მეორე ანასტომოზი ახდენს მის განტვირთვას ორი დამატებითი გზით: პირველი კავა-კავალური ანასტომოზებით ზედა ღრუ ვენისკენ, და მეორე, ინტერეპიგასტრალური ხიდაკებით ქვედა ეპიგასტრალური ვენის კაუდალური ტოტიდან მის კრანიალურ ტოტისკენ, შემდეგ კი - თეძოს ქვედა ვენისკენ. აღწერილი მეთოდი გამოყენებულია ჩვენს კლინიკაში უკანასკნელი 27 წლის მანძილზე 1000-ზე მეტ ავადმყოფზე და მისი შედეგიანობა არსებითად უფრო მაღალია, ვიდრე გადაკვანძვის მეთოდები. სპერმოგრამების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ხდება პირველივე 3-6 თვეში, ხოლო უნაყოფო წყვილებში განაყოფიერება პირველ 6 თვეში ხდება 75% ხოლო 5 წელში -87,7% შემთხვევაში შედარებისათვის, ლიგატურული ოპერაციების შემდეგ განაყოფიერების პროცენტი არ აღემატება 30% - 1 წელიწადში და 40% - 5 წელიწადში.






უფასო ონლაინ კონსულტაციისთვის შეავსეთ ფორმა
ან დაგვიკავშირდით ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციისთვის:
ტელ: 032 247 70 12, 032 230 87 85