შარდსადენი მილის უკანა სეგმენტის პლასტიკა პროფ. თამაზ შიოშვილის მეთოდით

ქირურგიულ უროლოგიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია შარდსადენი მილის უკანა სეგმენტის აღდგენას, მისი შევიწროების ან სრული ობლიტერაციის გამო. ასეთი დაზიანება ხშირად ხდება მენჯის ძვლების მოტეხილობის დროს, როდესაც ძვლების ფრაგმენტების გადაადგილებით ზიანდება შარდსადენი მილი, მისი ბოლოების ცდომილებით. შემდგომში მათ შორის ყალიბდება უხეში ნაწიბუროვანი ქსოვილი, რომლის სიგრძე 5-7 სმ-ს აღწევს. ასეთ შემთხვევებში შიდა ურეთროტომია ან მარტივი პლასტიკური ოპერაციები შეუძლებელია, რადგან ჩარევა გულისხმობს უხეში, გაუვალი ქსოვილის ამოკვეთას, ამის შემდეგ კი შარდსადენის პერიფერიული ბოლოს შეერთება პრიქსიმალურ ბოლოსთან (ღრმად ჭრილობაში) პრაქტიკულად შეუძლებელია.

ასეთი შემთხვევებისთვის მოწოდებულია ურეთრის პლასტიკა სოლოვოვის მეთოდით, რომელიც შემდგომში დახვეწილ იქნა პროფ. თ. შიოშვილის მიერ და დაცულია საქართველოს პატენტით. მეთოდი გულისხმობს ნაწიბუროვანი ქსოვილებიდან შარდსადენი მილის გამოყოფას, მის შეერთებას „პეცერის“ კათეტერის თავთან, შარდის ბუშტის ყელის არეში საჩვენებელი თითის ზომის ხვრელის შექმნას, მასში პეცერის კათეტერის შეყვანას და კათეტერის ვიწრო ნაწილის გამოტანას ბოქვენზედა მიდამოში.

2 კვირის განმავლობაში ხდება შარდსადენი მილის მიხორცება შარდის ბუშტის ყელთან. პეცერის კათეტერის პერიფერიული ნაწილის დაჭიმვით ხდება კეტგუტის ძაფების ჩაჭრა, რომლებითაც შარდსადენი მილი დამაგრებული იყო პეცერის კათეტერის თავთან. კათეტერი ამოაქვთ ბოქვენზედა მიდამოდან, ხოლო შარდსადენ მილში ტოვებენ ჩვეულებრივ ფოლეის კათეტერს, რის ფონზეც ხდება შარდის ბუშტის დახურვა. ამ მეთოდით შესაძლებელია შარდსადენი მილის 7სმ-მდე სიგრძის დანაწიბურებული მონაკვეთის შევსება-ჩანაცვლება. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ავადმყოფს შენარჩუნებული აქვს შარდის შემაკავებელი და სპერმის გარეთ გამოყოფის უნარი და ერექციის დროს არ ხდება ასოს დეფორმაცია. ოპერაციის შემდეგ თითქმის არ არის საჭირო ბუჟირება და იშვიათია რეციდივები.






უფასო ონლაინ კონსულტაციისთვის შეავსეთ ფორმა
ან დაგვიკავშირდით ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციისთვის:
ტელ: 032 247 70 12, 032 230 87 85