სათესლე ჯირკვლის აუტოტრანსპლანტაცია მაღალი (აბდომინალური) კრიპტორქიზმის დროს

უროლოგიისა და ქირურგიული ანდროლოგიის ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს ორმხრივი აბდომინალური კრიპტორქიზმი. მუცლის ღრუში უფრო მაღალი ტემპერატურაა (4-5 ° C-ით), ვიდრე სათესლე პარკში ყოფნისას, რაც იწვევს სათესლე ჯირკვლის ატროფიას და ძალიან ხშირად მის ონკოლოგიურ გადაგვარებას (60 ჯერ! უფრო ხშირად, ვიდრე ეს ჩვეულებრივად ხდება ხოლმე). ამავე დროს სათესლე ჯირკვლის ქირურგიული ჩამოტანა სათესლე პარკში თითქმის შეუძლებელია ხოლმე სათესლე ბაგირაკის არასაკმარისი სიგრძის გამო. ასეთ შემთხვევაში შეიძლება ჩატარდეს სათესლე ჯირკვლის ორტოტოპიული აუტოტრანსპლანცაცია (ე.ი მისი გადმონაცვლება ბუნებრივ პოზიციაში სათესლე პარკში).

იხსნება საზარდულის არხი, მისი ღრმა რგოლის ზემოთ ხდება სათესლე ბაგირაკის, არტერიისა და ვენის გამოყოფა, საზარდულის არხის ქვედა კუთხეში კი გამოყოფენ ქვედა ეპიგასტრალურ არტერიას და ვენას. შემდეგ ხდება სათესლე ბაგირაკის, არტერიისა და ვენის შეერთება ქვედა ეპიგასტრალურ სისხლძარღვებთან (ბოლო-ბოლოსთან). რაც შეეხება თესლსადინარს, მისი მობილიზება, როგორც წესი ხერხდება ხოლმე მისი მთლიანობის დარღვევის გარეშე და სათესლე ჯირკვალი ფიქსირდება სათესლე პარკში. მსოფლიოში პირველად ასეთი ოპერაცია ჩაატარა ამერიკელმა ქირურგმა S. Silber-მა (1981წ). ყოფილ საბჭოთა კავშირში და გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში იგივე ოპერაცია წარმატებით ჩატარებულია პროფ. თამაზ შიოშვილის მიერ. ზრდასრულ მამაკაცებში ორმხრივი აბდომინალური კრიპტორქიზმის დროს აღნიშნული ოპერაცია ნაჩვენებია ორივე მხარეს 1-2 თვის შუალედით. ზრდასრულებში ცალმხრივი აბდომინალური კრიპტორქიზმის დროს, თუ მეორე ჯირკვალი ნორმალურია, ნაჩვენებია პათოლოგიური ჯირკვლის მოკვეთა. ხოლო ბავშვებში 5 წლის ასაკამდე ცალმხრივი აბდომინალური კრიპტორქიზმის დროს, თუ ჯირკვლის სტრუქტურა შენახულია, ნაჩვენებია მისი ორტოტოპიული აუტოტრანსპლანტაცია.

ბუნებრივია, რომ ვინაიდან ნებისმიერი კრიპტორქიზმის ქირურგიული კორექციის დროს შეიძლება შეიქმნას აუტოტრანსპლანტაციის აუცილებლობა, სასურველია, რომ ასეთი ოპერაციები კეთდებოდეს შესაბამისად მომზადებულ სპეციალიზირებულ კლინიკაში.






უფასო ონლაინ კონსულტაციისთვის შეავსეთ ფორმა
ან დაგვიკავშირდით ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციისთვის:
ტელ: 032 247 70 12, 032 230 87 85