თვითკათეტერიზებადი ხელოვნური შარდის ბუშტი

ჩვენს კლინიკაში დანერგილია და დამუშავებულია ჭიპიდან თვითკათეტერიზებადი ხელოვნური შარდის ბუშტის ოპერაციები წვრილი ნაწლავისგან, რომელიც წარმოადგენს სიახლეს ჩვენს ქვეყანაში. იგი პირველად გამოგონილი და შექმნილია ცნობილი ეგვიპტელი ონკოუროლოგების პროფ. მ. გონეიმის და ჰ.ა. ენეინის მიერ, მანსურას უროლოგიისა და ნეფროლოგიის კლინიკიდან 1980-იან წლების ბოლოს, რამაც მსოფლიო აღიარება ჰპოვა. მის ფუნქციონირებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს ჩამკეტი მექანიზმები პასკალის ფიზიკის კანონის მიხედვით.

მათი მასალების დეტალურად შესწავლის შედეგად, გადაწყდა ამ მეთოდის დანერგვა ჩვენს კლინიკაში - ექიმი ქირურგი ივა შიოშვილი, ონკოუროლოგი პროფ. თამაზ შიოშვილი ამის კონკრეტული მიზეზები იყო საკმაოდ ბევრი. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში გახშირებულია შარდის ბუშტის სიმსივნეების შემთხვევები, უმეტესწილად პაციენტები მომართავენ გვიან, კერძოდ კუნთოვან შრეში ინვაზიური ფორმებით, ხანდახან სხვა ორგანოზე გადასვლითაც - მე-4 სტადიით, როდესაც საჭიროა შარდის ბუშტის ამოკვეთა თავის პროსტატიანად (საშვილოსნოიანად), სათესლე ბუშტუკებიანად, ურეთრის ნაწილიანადაც კი, მენჯის ლიმფურ ჯირკვლებთან ერთად ონკოლოგიური წესების დაცვით. შარდის ბუშტის ამოკვეთის შემდეგ შარდის დერივაციის საკითხი დღესაც აქტუალური თემაა. არსებობს ბევრნაირი რეზერვუარები და მეთოდები. არსებობს ისეთებიც, როდესაც პირდაპირ შარდსადენ მილზე ხდება რეზერვუარის მიკერება და პაციენტები ბუნებრივად შარდავენ (თუნდაც იგივე პროფ. მ. გონეიმის, ასევე შტუდერის მეთოდებით), რომლის შემთხვევებიც ასევე გვაქვს. თუმცა სფინქტერის დაზიანების გამო გარანტია არ არსებობს, რომ პაციენტს რაღაც დონეზე შეუკავებლობა არ ექნება, რაც ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხია. გარდა ამისა ეს მეთოდი რომ გაკეთდეს, აუცილებელი პირობაა, რომ სიმსივნე არ მდებარეობდეს შარდის ბუშტის ყელის არეში და მის დაბლა. საქართველოში დანერგილია ძირითადად 1) „ბრიკერის“ ოპერაცია, რაც ითვალისწინებს წვრილი ნაწლავის გამოტანას კანზე, რაზეც მუდმივად უნდა იყოს განავალმიმღები მიკრული, რადგანაც ყოველი გადაბრუნება-გადმობრუნებაზე, სიარულისას, დაგროვილი შარდი იღვრება, არ ყალიბდება არანაირი ჩამკეტი სისტემები, თირკმლებიც დაუცველია. 2) შარდსაწვეთები ინერგება სიგმოიდურ ნაწლავში და პაციენტები შარდზეც და განავალზეც გადიან ერთდროულად უკანა ტანიდან, თუმცა უდიდეს შემთხვევებში რეფლუქსი მაინც ხდება თირკმლებში, ინფექციაც მეტია სიგმოიდური ნაწლავიდან და ყალიბდება თირკმლების უკმარისობა, გარდა იმისა რომ ყოველ 2-3 საათში უწევთ ტუალეტში გასვლა, რაც ასევე დისკომფორტია; 3) შარდსაწვეთები გამოაქვთ პირდაპირ კანზე (ნაწლავზე ჩარევის გარეშე), ორივეში (ან ცალში, ერთის შემთხვევაში) მუდმივად ჩადგმულია სტენტები, რაზეც მიმაგრებულია შარდმიმღებები. ამ სტენტებს ყოველ თვე გამოცვლა სჭირდებათ. აქაც მაღალია აღმავალი ინფექციების რისკი. გარდა თირკმელების დაუცველობისა, ყველა ამ მეთოდს ყველაზე უკეთეს შემთხვევაში ახასიათებთ სისველიდან გამომდინარე უდიდესი დისკომფორტი, რაც ფაქტიურად პაციენტებისთვის დაინვალიდებას ნიშნავს, რადგანაც ვერ ეწევიან ცხოვრების ნორმალურ რითმს, ზოგი დეპრესიაში ვარდება და ა.შ. ზოგი ამის გამო საერთოდ უარს აცხადებს ოპერაციაზე და თანახმაა დანებდეს ამ ვერაგ დაავადებას. ყოველგვარი ამ მიზეზებიდან გამომდინარე, ჩვენთან ჯერ დაინერგა ორიგინალური მ. გონეიმის ჭიპიდან თვითკათეტერიზებადი რეზერვუარის მეთოდი, რომელიც ჩვენ შემდგომში გავაუმჯობესეთ, შევიტანეთ მცირე დეტალის ცვლილება - მოდიფიკაცია, რამაც მოგვცა გასაოცარი შედეგები, კერძოდ პოსტოპერაციული გართულებები მნიშვნელოვნად შემცირდა, ისევე როგორც პაციენტების რეაბილიტაციისა და თვითკათეტერიზაციაზე გადასვლის პერიოდი (2-3 კვირაში ოპერაციიდან).

არასამედიცინო განათლების ადამიანებისთვის გასაგები რომ იყოს აგიხსნით, თუ რას ითვალისწინებს ეს კონკრეტული მეთოდი: შარდის ბუშტის ამოკვეთის შემდეგ ყალიბდება იგივე შარდის ბუშტის ფორმის რეზერვუარი, დაახლოებით იგივე ადგილას, იზოლირებული წვრილი ნაწლავისგან, რომელშიც ჩანერგილია ორი 10 სმ-იანი მილი იგივე ნაწლავისგან ისე, რომ მათ გააჩნიათ ბუნებრივი ჩამკეტი ავტომატიზირებული მექანიზმი. ეს ნიშნავს, რომ სავსე რეზერვუარის პირობებში, რომლის ტევადობაც ნორმაში შეადგენს 400-500 მლ-ს, შარდის უკუსვლა თირკმლებში (ანუ რეფლუქსი) არ ხდება, მათგან კი შარდის შემოდინება ხდება დაუბრკოლებლად და ანალოგიურად, არ ხდება შარდის ამოსვლა სტომიდან (ჭიპიდან), თვით ან სხვის დახმარებით რეზერვუარის კათეტერიზაციის გარეშე - ჩვეულებრივ ყოველ 4-5 საათში ერთხელ დღისით, ხოლო ღამით იშვიათად. გარედან არაფერი ეტყობათ, გარდა 15 სმ-იანი პ/ო ნაწიბურისა. ჭიპი გარედან შენარჩუნებულია - ესთეთიური თვალსაზრისით. ამ ყველაფერს პაციენტებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგანაც არ აქვთ სისველის დისკომფორტი, არ უწევთ არაფრის მიმაგრება-მიფარება ჭიპზე, სძინავთ ჩვეულებრივად, ერთი ჩვენი პაციენტი ღია ბასეინზეც კი დადის და ხტება შიგნით (თუმცა ჩვენ მას მაინც არ ვურჩევთ ამას). მისი ოპერაციიდან უკვე ერთი წელია გასული. იგი პირველია, რომელსაც ჩვენი მოდიფიკაციით გაუკეთდა ოპერაცია, არანაირი გართულება და სიმსივნის რეციდივი არ აღენიშნება. თავს გრძნობს თითქმის ბუნებრივად. არანაირ ყურადღებას არ საჭიროებს, ვარჯიშობს, მუშაობს და ა.შ.

სურვილისამებრ იხ. ვიდეო მასალა:
წარმოგიდგენთ პროფ. მოჰამედ გონეიმის გამოსვლას გერმანიაში კონგრესზე, სადაც დეტალურად ხსნის თავის მეთოდს. ასევე წარმოგიდგენთ ჩვენი ოპერაციის შემოკლებულ ვიდეო მასალას თავის საბოლოო შედეგით, ზემოთ ხსენებული პაციენტის მაგალითის მოყვანით


Mohamed Ghoneim reservoir with our modification (new version)
გონეიმის რეზერვუარი ჩვენი მოდიფიკაციით (ახალი ვერსია)




Prof. Mohamed Ghoneim (Semi-live 2015 Heidelberg, Germany)