თესლსადინარი გზების გამტარობის აღდგენა ობტურაციული ასპერმიის დროს

მსოფლიოს სტატისტიკის თანახმად ყველაზე ხშირი მიზეზი სათესლე გზების გაუვალობისა არის ქირურგიული სტერილიზაცია, რომელიც მეტად პოპულარულია აშშ-ში და უფრო მეტად ჩინეთში და ინდოეთში. მამაკაცები შეგნებულად იკეთებენ ამ ოპერაციას, მაგრამ მოგვიანებით მათ კვლავ უჩნდებათ სურვილი ბავშვის გაჩენისა და მიმართავენ ექიმს სათესლე გზების გამტარობის აღსადგენად.

საქართველოში სათესლე გზების გაუვალობა ძირითადად, ანთებითი პროცესითაა განპირობებული. ორივე შემთხვევაში ერთადერთი რეალური გზა სათესლე გზების გამტარობის აღდგენისა არის მიკროქირურგიული ვაზო-ვაზო ან ეპიდიდიმო-ვაზოანასტომოზი. პირველი ოპერაციის თავისებურება და სირთულე განპირობებულია იმით, რომ თესლსადინარი მილის კედელი საკმაოდ სქელია (2,5-3მმ), ხოლო არხი - ძალიან ვიწრო (0,3-0,5მმ), ამიტომ გამოიყენება ორსართულიანი ნაკერები: პირველი სართული-ლორწოვან-კუნთოვანი კვანძოვანი ნაკერები გამწოვი ძაფებით, მაგ: Biosin 9/0-10/0, მეორე სართულის აღდგენა ადვენტიციალურ-კუნთოვანი გაუწოვადი ძაფებით, მაგ: Prolen 8/0.

აღსანიშნავია, რომ რეკანალიზაცია აუცილებლად უნდა ჩატარდეს ორივე მხარეს (2-3 კვირის შუალედით), ვინაიდან თუ შეგუბება დარჩება ერთ მხარეს მაინც, მაშინ სისხლში შენარჩუნდება ანტისპერმული ანტისხეულების მაღალი კონცენტრაცია, რაც უარყოფითად იმოქმედებს ნაოპერაციებ სათესლე ჯირკვალზე, მიუხედავად ტექნიკურად სრულყოფილად ჩატარებული ოპერაციისა.

ყველა ამ წესის დაცვის შემთხვევაში ოპერაციული მკურნალობის შედეგიანობა განაყოფიერების აღდგენის მხრივ აღწევს 90%-ს იმ შემთხვევებშიც კი, სადაც ქირურგიული სტერილიზაციიდან გასულია 10 წელი.

უფრო რთულადაა საქმე, როდესაც თესლსადინარი გზების გაუვალობა გამოწვეულია ანთებითი პროცესით (ეპიდიდიმიტით). საქმე იმაშია, რომ ამ შემთხვევაში ჯერ ერთი, მოსაძებნია დანამატის ის უბანი, სადაც შენარჩუნებულია სპერმის გამავლობა, მეორე კი-საჭიროა გამტარი უწვრილესი სათესლე მილაკების შეერთება ძირითად, უფრო განიერ თესლსადინართან. ამდენად, ოპერაციის წინ აუცილებელია სათესლე დანამატების ასპირაციული ბიოფსია. თუ რომელიმე სათესლე ჯირკვლის დანამატში აღმოჩნდება ცოცხალი სპერმატოზოიდები, თუნდაც უძრავი, კეთდება ოპერაცია, რომლის დროსაც სერიული ჭრილებით დანამატიდან კუდისკენ პრაქტიკულად მოიძებნება უბანი გამავალი სათესლე მილაკებით, შემდეგ კი ხდება ამ მილაკების შეერთება თესლსადინართან ინვაგინაციის მეთოდით. ოპერაციის შედეგიანობა აღწევს 30-40%-ს.






უფასო ონლაინ კონსულტაციისთვის შეავსეთ ფორმა
ან დაგვიკავშირდით ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციისთვის:
ტელ: 032 247 70 12, 032 230 87 85